საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ახალი წესდება

თუ ხართ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, გთხოვთ ხმა მისცეთ წესდების ახალ რედაქციას
*(წესდების სრული ვერსია იხ. ქვევით)

ხმის მისახემად გადადით მითითებულ ლინკზე

https://forms.gle/4eMVVqsZFjTqF8go8 
ხმის მისახემად გადადით მითითებულ ლინკზე

https://forms.gle/4eMVVqsZFjTqF8go8 

ა(ა)იპ „საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება“

 წ ე ს დ ე ბ ა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება“  (საიდ. კოდი 202208226) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.2.      სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3.       საზოგადოების სახელწოდება: „საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება“

  • სამართლებრივი ფორმა - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

1.5.  იურიდიული მისამართი: -  თბილისი,  ვაჟა ფშაველას გამზირი 83/11;

1.6.   საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართია  geoscardiology@gmail.com  

1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

1.8.    საზოგადოების საქმიანობის მიზნებია;

ა)  საქართველოში კარდიოლოგიის დარგის განვითარება;

ბ) როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე კარდიოლოგებს და ორგანიზაციებს შორის კოლეგიალური პროფესიული კონტაქტების დამყარება და გაუმჯობესება.

გ) კარდიოლოგიური დარგის განვითარებისათვის სახელმწიფო ჯან. დაცვის პოლიტიკის წარმმართველ ორგანოებთან თანამშრომლობა, რეკომენდაციების, კომპეტენციების, დასკვნების, მოსაზრებების, გადამზადების პროგრამების წარდგენის ან/და ერთობლივად მომზადება/შემუშავება/გამოცემის კუთხით.

 1.9 დასახული მიზნების განხორციელებისათვის საზოგადოება უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) კარდიოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტირების და მკურნალობის თანამედროვე რეკომენდაციების და სტანდარტების შემუშავება, მათი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით/დახმარებით, კარდიოლოგიური/კარდიოვასკულარული მიმართულებით პროფესიული მომზადების/გადამზადების სტანდარტების და პროგრამების შემუშავება, მათი პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა;

გ) როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კლინიკური კვლევების ორგანიზება და მონაწილეობა. ასევე აღნიშნულისათვის შესაბამისი სტანდარტების ან/და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოების კომპეტენციების ფარგლებში საექიმო საქმიანობის მაძიებლებისათვის, საქართველოში მოქმედი ექიმებისათის ან/და უცხო ქვეყნის სპეციალისტებზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/გაცემა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოების კომპეტენციების ფარგლებში, საექსპერტო მოსაზრებების, რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება;

ვ) საზოგადოების წევრებს შორის არსებული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ზ) რეგულარული პროფესიული, საგანმანათლებლო შეკრებების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზება და ჩატარება, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

          თ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა საზოგადოებაში საქმიანობის თაობაზე სამედიცინო სექტორის ინფორმირებისათვის.  

   ი) ითანამშრომლოს სხვადასხვა დარგობრივ ასოციაციებთან.

            კ) განახორციელოს კანონმდებლობის განსაზღვრული ნებისმიერი აქტივობა და საქმიანობა;          

1.10   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული შემოსავალიც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.11.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 

მუხლი 2. საზოგადოების წევრობა

        2.1 საზოგადოებას შეიძლება ჰყავდეს  სრულუფლებიანი და საპატიო წევრები.

        2.2 საზოგადოებას სრულუფლებიანი წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება „კარდიოლოგიაში“.

        2.3 საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი:

        ა)მონაწილეობას იღებს ასოციაციის საერთო კრებაში და სარგებლობს ხმის უფლებით;

        ბ) უფლებამოსილია აირჩიოს ან/და არჩეულ იქნას საზოგადოების ორგანოებში(გამგეობა, დარგობრივი კომისიები, კომიტეტები ან/და სხვა).

        გ) საზოგადოების მიზნებით განსაზღვრული საქმიანობისას ისარგებლოს საზოგადოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მიღწევების შესახებ სიახლეებით და შესაბამისი ინფორმაციით.

       დ) მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების ეგიდით ორგანიზებულ სემინარებში, კონფერენციებში, ლექციებში, ტრენინგებში;

        2.4 საზოგადოების სრულუფლებიან წევრად მიღება ხორციელდება წევრობის მსურველი ექიმი კარდიოლოგის წერილობითი(წარმოდგენილი გამგეობისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით) განაცხადის/განცხადების საფუძველზე, საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან გამგეობა უფლებამოსილია, საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველი პირს მოსთხოვოს საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა (განათლების და საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი).

        2.5 საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობა შეიძლება შეუწყდეს პირს შემდეგ შემთხვევებში:

        ა) საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი ფიზიკური პირის გარდაცვალების  შემთხვევაში.

        ბ) თუ საზოგადოების სრულუფლებიან წევრს ჩამოერთმევა საექიმო საქმიანობის უფლება „კარდიოლოგიაში“.

        გ) თუ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მიმართ დადგება კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიკაციით.

        დ) საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში.

        ე) საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მიერ გამგეობისათვის, საზოგადოების წევრობის  შეწყვეტის თაობაზე წერილობითი მიმართვის საფუძველზე;

        ვ) საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით(გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით), თუ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მოქმედება მიმართულია საზოგადოების საქმიანობის წინააღმდეგ, ან/და მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ან/და ზიანს აყენებს საზოგადოების მიზნებს, ლახავს საზოგადოების სახელს/საქმიან რეპუტაციას, ან/და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების სახელით საქმიანობისას მასზედ დაკისრებული მოვალეობების უხეშ დარღვევას;

        ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

        2.6 საზოგადოების საპატიო წევრი შეიძლება იყოს, ნებისმიერი საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომლის წვლილი მიუძღვის კარდიოლოგიის  დარგის განვითარებაში.  საპატიო წევრი მონაწილეობას არ იღებს ასოციაციის საერთო კრებაში, არ სარგებლობს ხმის უფლებით და მასზედ არ ვრცელდება წესდების 2.5 მუხლის მოთხოვნები. 

      2.7 საზოგადოების საპატიო წევრობა შეიძლება შეწყვეტილ იქნას:

        ა) საპატიო წევრის მომართვის/განცხადების საფუძელზე;

        ბ) საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით;

        გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;.

        2.8 საზოგადოების საწევრო გადასახადის განსაზღვრა, ცვლილებები და გაუქმება ხორციელდება გამგეობის გადაწყვეტილებით.

  1. საზოგადოების მართვა

 3.1  საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება. საერთო კრების მოწვევის, მისი განხილული საკითხებისა და გადაწყვეტილებების შესახებ უნდა შედგენილ იქნას საზოგადოების გამგეობის კრების ოქმი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3.2 საერთო კრების  მოწვევა ხდება სულ მცირე 3 წელიწადში ერთხელ მაინც.

3.3 საერთო კრების მოწვევა ასევე შეიძლება მოხდეს საზოგადოების პრეზიდენტის ან/და საზოგადოების გამგეობის მიერ, გამგეობის წევრთა არანაკლებ 3/4-ის მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან:

ა) იმ შემთხვევაში თუ საერთო კრების მოწვევის ინიციატორია საზოგადოების პრეზიდენტი, მან აღნიშნულის თაობაზე წერილობით უნდა აცნობოს საზოგადოების გამგეობას, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა დანიშნოს საერთო კრების თარიღი და აცნობოს აღნიშნულის თაობაზე „საზოგადოების“ ყველა წევრს (ფოსტის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გზით), არაუგვიანეს კრების მოწვევის თარიღამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

ბ) იმ შემთხვევაში თუ საერთო კრების მოწვევის ინიციატორია გამგეობა, საერთო კრების მოწვევის თაობაზე  შედგენილ უნდა იქნას საზოგადოების გამგეობის კრების ოქმი, რომელშიც საერთო კრების მოწვევაზე თანხმობა ხელმოწერებით დაფიქსირებულ უნდა  იქნას გამგეობის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3/4-ის მიერ. იმ შემთხვევაში თუ გამგეობის წევრთა რაოდენობა ზუსტად არ ნაწილდება აღნიშნულზე, გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი იქნება საზოგადოების პრეზიდენტის პოზიცია. საერთო კრების ოქმის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამგეობამ უნდა დანიშნოს საერთო კრების თარიღი და კრების მოწვევის თარიღამდე 5 კალენდარული დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის თაობაზე „საზოგადოების“ ყველა წევრს (დაზღვეული ფოსტის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გზით).

 3.4 საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმირებისას საზოგადოების წევრებს უნდა ეცნობოთ საერთო კრებაზე განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ.

3.5 საერთო კრება (რიგგარეშე და გეგმიური) გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საზოგადოების გამგეობის მიერ რეგისტრირებული სრულუფლებიანი წევრების საერთო რაოდენობის არანაკლებ 50%-ზე მეტი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება დამსწრე სრულუფლებიან წევრთა ხმათა უმრავლესობით.  

3.6 იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრებაზე წევრთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი ვერ დაესწრო, პრეზიდენტი ან/და გამგეობა, წესდების 3.3 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ნიშნავს განმეორებითი საერთო კრება არაუადრეს 5 კალენდარული და არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. განმეორებითი საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საზოგადოების გამგეობის მიერ რეგისტრირებული სრულუფლებიანი წევრების საერთო რაოდენობის არანაკლებ 30%.

3.7 საერთო კრების სხდომაში წევრთა მონაწილეობა ასევე შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.8 საერთო კრების ფუნქციებია:

ა) „საზოგადოების“ ხელმძღვანელი ორგანოს (გამგეობა) წევრთა არჩევა;

ბ) „საზოგადოების“ გამგეობის წევრთაგან საზოგადოების პრეზიდენტის არჩევა;

გ) „საზოგადოების“ საქმიანობის წლიური ანგარიშის განხილვა.

დ) „საზოგადოების“ დასახული მიზნების განხორციელებისათვის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

                ე)  „საზოგადოების“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

                ვ) გადაწყვეტილებების მიღება ყველა იმ საკითხებზე, რომელიც არ შედის „საზოგადოების“ გამგეობის ან/და პრეზიდენტის კომპეტენციაში.

მუხლი 4. საზოგადოების ხელმძღვანელობა

        4.1. „საზოგადოების“ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს გამგეობა, რომელიც შედგება არაუმეტეს 20 წევრისაგან. გამგეობის წევრებს 3 (სამი) წლის ვადით ირჩევს საერთო კრება, საერთო კრებაზე დამსწრე სრულუფლებიან წევრთა ხმათა უმრავლესობით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გამგეობის წევრთა უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება აღნიშნულ საკითხზე საერთო კრების ახალ გადაწყვეტილებამდე.

4.2 „საზოგადოების“ დასახული მიზნების მისაღწევად გამგეობა განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესდებით ნებადართულ საქმიანობას.

4.3 გამგეობის კრება იკრიბება არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. აღნიშნული კრების მოწვევის ადგილისა და თარიღის შესახებ გამგეობის მდივანი აცნობებს გამგეობის წევრებს, კრების ჩატარებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

4.4 გამგეობის კრება შეიძლება მოწვეულ იქნას საზოგადოების პრეზიდენტის ან/და გამგეობის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.

4.5 გამგეობის სხდომა ასევე შესაძლოა ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში გამგეობის კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამგეობის წევრების მიერ ხელმოწერით დადასტურებულ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით(ნოტარიულად დამოწმებული სახით ან/და ელექტრონული ხელმოწერის ფორმით). 

4.6  გამგეობის კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება, გამგეობის წევრთა რეგისტრირებული რაოდენობის არანაკლებ 50%-ის მიერ. ამასთან თუ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ხმები თანაბრად 50/50-ზე განაწილდა, გადაწყვეტილების მიღებისათვის გადამწყვეტია „საზოგადოების“ პრეზიდენტის ხმა.

4.7  „საზოგადოების“ გამგეობის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) „საზოგადოების“ საქმიანობის გეგმ(ებ)ის  განსაზღვრა.

ბ) „საზოგადოების“  მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, საქმიანობისათვის საჭირო ფინანსური, ქონებრივი, მატერიალური და ადამიანური რესურსების მოძიება და ხარჯების მიზნობრიობის განსაზღვრა.

გ) „საზოგადოების“ წევრთა შეკრებების, სხდომების, სემინარების, კონფერენციების, გამგეობის კრებების და სხვა სახის შეხვედრათა დაგეგმვა და მათი მოწყობის ორგანიზება.

დ) „საზოგადოების“ წევრობის მიღების მსურველთა განაცხადების/განცხადებების განხილვა, წევრად მიღებაზე და წევრობის შეწყვეტის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, წევრთა რეგისტრაცია და სრულუფლებიანი წევრების რეესტრის წარმოება.

ე) „საზოგადოების“ დასახული მიზნების განხორციელებისათვის შესაბამისი შეხვედრების, ლექციების, სემინარების, კონფერენციების მოწყობის ორგანიზება.

ვ) „საზოგადოების“ საწევრო გადასახადის განსაზღვრა/შეცვლა/გაუქმება.

ზ) „საზოგადოების“ ფილიალების, ასევე საჭიროებისამებრ კომისიების, სექციების, საბჭოების, ჯგუფების ან/და კომიტეტების შექმნა;

თ) „საზოგადოების“ პრეზიდენტის ან/და გამგეობის წევრებისათვის ანაზღაურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება და ანაზღაურების დადგენა/განსაზღვრა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ი) „საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტის არჩევის საჭიროების საკითხის განხილვა და  გამგეობის რეგისტრირებულ წევრთა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება. საჭიროების გათვალისწინებით, ვიცე-პრეზიდენტის არჩევა და გადაყენება;   

კ) საზოგადოების მისამართის განსაზღვრა;

ლ) გამგეობის რეგისტრირებულ წევრთა ¾-ის ხმათა ოდენობით, საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა ან/და ახალი რედაქციის მიღება/დამტკიცება;

მ) დააწესოს პრიზი (პრემია, მედალი, სიგელი ან/და სხვა) კარდიოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა  ან/და ინოვაციების დანერგვისათვის; 

ნ) „საზოგადოების“ საქმიანობიდან გამომდინარე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საქმიანობა;

4.8 ერთიდაიგივე პირი „საზოგადოების“ გამგეობის წევრად ზედიზედ/მიყოლებით შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ  2 ვადით.

მუხლი 5 .საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

5.1 „საზოგადოების“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს „საზოგადოების“ პრეზიდენტი.

5.2 „საზოგადოების“ პრეზიდენტს, 3 (სამი) წლის ვადით, საერთო კრებაზე არჩეული გამგეობის წევრებისაგან ირჩევს საერთო კრება. საზოგადოების პრეზიდენტის არჩევა ხორციელდება საერთო კრებაზე დამსწრე სრულუფლებიან წევრთა ხმათა უმრავლესობით.  

5.3 „საზოგადოების“ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მისი უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება აღნიშნულ საკითხზე საერთო კრების ახალ გადაწყვეტილებამდე. „საზოგადოების“ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მანამდე მოქმედ პრეზიდენტს ენიჭება „საზოგადოების“ საპატიო პრეზიდენტის წოდება. საპატიო პრეზიდენტი  ავტომატურად შედის გამგეობის შემადგენლობაში მომდევნო ერთი ვადის განმავლობაში .

5.4 ერთიდაიგივე პირი „საზოგადოების“ პრეზიდენტად ზედიზედ/მიყოლებით შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ  2 ვადით.

            5.5  „საზოგადოების“ პრეზიდენტი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს „საზოგადოებას“ ნებისმიერ სახელმწიფო, კერძო თუ საერთაშორისო დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში.

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს „საზოგადოების“ გამგეობას/გამგეობის კრებებს, „საზოგადოების“ წევრთა შეკრებებს, სხდომებს, სემინარებს, კონფერენციებს,.

გ) „საზოგადოების“ მიერ დასახული მიზნების მიღწევისათვის ახორციელებს, „საზოგადოების“ შეუფერხებელი საქმიანობისათვის საჭირო ფინანსური, ქონებრივი, მატერიალური და ადამიანური რესურსების მოძიებას, მართვას და განკარგვას.

დ) „საზოგადოების“ სახელით ხელს აწერს ყველა შესაბამის დოკუმენტაციას;

ე) „საზოგადოების“ სახელით დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, შრომით ხელშეკრულებებს;

ვ) წარმოადგენს „საზოგადოებას“ ადგილობრივ თუ საერთაშორისო საფინანსო/საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. ახორციელებს „საზოგადოების“ ფინანსების მართვას და განკარგვას;

ზ) უფლებამოსილია ერთპიროვნულად განსაზღვროს/შეცვალოს/დაადგინოს „საზოგადოების“ ელექტრონული ფოსტის მისამართი;

თ) „საზოგადოების“ მიერ დასახული მიზნების მიღწევისათვის თავმჯდომარე უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესდებით ნებადართული ნებისმიერი სხვა საქმიანობა.

ი) ანგარიშვალდებულია გამგეობის და საერთო კრების წინაშე.

5.6  „საზოგადოების“ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს:

ა) საკუთარი სურვილით, პირადი განცხადებით გამგეობისათვის მიმართვის საფუძველზე;

ბ)  გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) ვადამდე, საერთო კრების მიერ, საზოგადოების რეგისტრირებული სრულუფლებიანი წევრების ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით;

დ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელება ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 6. საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი

6.1 „საზოგადოების“ ვიცე პრეზიდენტს 3 (სამი) წლის ვადით გამგეობის წევრებისაგან ირჩევს „საზოგადოების“ გამგეობა ხმათა უმრავლესობით.  იმ შემთხვევაში თუ გამგეობის წევრთა ხმები თანაბარია, გადამწყვეტია საზოგადოების პრეზიდენტის ხმა.

6.2 ერთიდაიგივე პირი „საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტად ზედიზედ/მიყოლებით შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ ორჯერ.

6.3 „საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტი, „საზოგადოების“ პრეზიდენტის ან/და გამგეობის დავალებით, წარმართავს „საზოგადოების“ საქმიანობიდან მისთვის დელეგირებული მიმართულების საქმიანობას.

6.4 „საზოგადოების“ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებას ახორიცელებს ვიცე-პრეზიდენტი.

6.5  „საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს:

ა) საკუთარი სურვილით, პირადი განცხადებით გამგეობისათვის მიმართვის საფუძველზე;

ბ)  გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) ვადამდე, გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით;

დ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელება ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 7. საზოგადოების მდივანი

7.1 „საზოგადოების“ მდივანს, საზოგადოების სრულუფლებიან წევრთაგან, პრეზიდენტის წარდგინებით 3 (სამი) წლის ვადით ირჩევს „საზოგადოების“ გამგეობა, გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით.

7.2 ერთიდაიგივე პირი „საზოგადოების“ მდივნად ზედიზედ/მიყოლებით შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ ორჯერ.

7.3 „საზოგადოების“ მდივანი საზოგადოების“ პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის დავალებით ან/და გამგეობის გადაწყვეტილებით:

ა) ახორციელებს საზოგადოების კორესპონდენციის მიღებას, შენახვას, ანალიზს, განაწილებას, გადაგზავნას.  

ბ) ორგანიზებას უწევს გამგეობის სხდომების ჩატარებას, ესწრება გამგეობის სხდომებს და აკეთებს შესაბამის ჩანაწერებს გამგეობების სხდომების, მათზე განხილული საკითხების და დავალებების თაობაზე;

გ) მონაწილეობს „საზოგადოების“ საერთო კრების საორგანიზაციო საქმიანობაში;

დ) ორგანიზებას უწევს „საზოგადოების“ წარმომადგენელთა და წევრთა საზოგადოების სახელით შეხვედრებს ერთმანეთთან ან/და მესამე პირებთან;

7.4 „საზოგადოების“ მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალის არჩევამდე, დროებით მდივანის უფლებამოსილებას განხორციელება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს გამგეობის რომელიმე წევრს. 

7.5 „საზოგადოების“ მდივნის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს:

ა) საკუთარი სურვილით, პირადი განცხადებით გამგეობისათვის მიმართვის საფუძველზე;

ბ)  გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) ვადამდე, გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით;

დ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მდივნის უფლებამოსილების განხორციელება ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 8. მრჩეველთა საბჭო

 8.1 მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს საზოგადოების პრეზიდენტის და გამგეობის საკონსულტაციო ორგანოს, რომლის წევრებსაც 3 წლის ვადით ირჩევს გამგეობა წევრთა ხმათა უმრავლესობით. იმ შემთხვევაში თუ ხმები თანაბარია, გადამწყვეტია საზოგადოების პრეზიდენტის ხმა.

8.2 მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა შეიძლება განხორციელდეს როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრებისაგან, ასევე, მედიცინის დარგში მოღვაწე (საზოგადოების არაწევრი) ავტორიტეტული პირებისაგან.

8.4 მრჩეველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მრჩეველთა საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს გამგეობა წევრთა ხმათა უმრავლესობით. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და წევრები არ შედიან გამგეობის შემადგენლობაში;

8.5 მრჩეველთა საბჭო ახორციელებს რეკომენდაციების შემუშავებას საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, გამგეობის და პრეზიდენტის მიერ დავალებულ საკითხებზე;

8.6 მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ან/და წვერის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს:

ა) საკუთარი სურვილით, პირადი განცხადებით გამგეობისათვის მიმართვის საფუძველზე;

ბ)  გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) ვადამდე, გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით;

დ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ან/და წევრის მხრიდან უფლებამოსილების განხორციელება ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

  1. საზოგადოების ქონება და მისი განკარგვა

        9.1 „საზოგადოება“ უფლებამოსილია გააჩნდეს ქონება და შემოსავალი და კანონმდებლობის შესაბამისად მიზნების მიღწევისათვის აწარმოოს სამეურნეო და კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საქმიანობა;

        9.2 „საზოგადოების“ მიერ მიღებული შემოსავალი, ქონება და სახსრები, მიმართული უნდა იყოს და ემსახურებოდეს საზოგადოების წესდებით განსაზღვრული მიზნების შესრულებას;

        9.3 „საზოგადოების“ შემოსავლები შეიძლება შედგებოდეს (თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვემოთაღნიშნულით);

        ა) საწევრო გადასახადები;

        ბ) შემოწირულობები;

        გ) გრანტები;

        დ) სესხები;

        ე) ნებისმიერი სხვა, კანონმდებლობით ნებადართული გზით მიღებული შემოსავლები;

მუხლი 10. საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

        10.1 „საზოგადოების“ რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

        10.2. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება განაწილდეს წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

       10.3. „საზოგადოების“ ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება, რომლის გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

       10.4. იმ შემთხვევაში თუ ლიკვიდაციის საკითხის განსახილველად წესდების შესაბამისად 2-ჯერ ვერ მოხერხდა საერთო კრების შეკრება(კვორუმის არარსებობის გამო), ლიკვიდაციის საკითხზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას „საზოგადოების“ გამგეობის წევრთა 3/4-ის გადაწყვეტილებით.

10.5 ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს 9.4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს საერთო კრება ან/და გამგეობა. „საზოგადოების“ ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 

       6.6. თუ საერთო კრება  და გამგეობა უარს განაცხადებს, ან/და „საზოგადოების“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ვერ მოახერხებს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, სასამართლო „საზოგადოების“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ასოციაციას. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

10.6. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 11. ფორს-მაჟორი

 11.1 ფორს-მაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, წესდებით განსაზღვრული წესები ან/და საზოგადოების სტანდარტული საქმიანობა შესაძლებელია ვერ განხორციელდეს ან/და საზოგადოების საქმიანობა განხრციელდეს შეზღუდულ ფარგლებში;

11.2 ფორს-მაჟორული სიტუაციებისას ასევე შესაძლოა ვერ განხორციელდეს საზოგადოების საერთო კრების ან/და გამგეობის კრებ(ებ)ის ჩატარება;

            11.3 ფორს-მაჟორი და ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი არის დაუძლეველი ძალის გარემოებები, სტიქიური მოვლენები, კატაკლიზმები, ომი, სამოქალაქო არეულობა, გაფიცვა, ლოკაუტი, კარანტინი, ეპიდემია, პანდემია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ან/და თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების გადაწყვეტილებები და ა.შ. რომელიც: (ა) არ არის დაკავშირებული მხარეთა ქმედებასთან ან/და უმოქმედობასთან; და (ბ) შეუძლებელს ხდის საზოგადოების საქმიანობის ნორმალურ რეჟიმში   სრულ და ჯეროვან შესრულებას;

            11.4 ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ზე მითითებისას მათი არსებობა ან/და არარსებობა უნდა დასტურდებოდეს კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

  11.5 ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში, საზოგადოების წესდებით განსაზღვრული მოთხოვების და წესების სრულყოფილად განხორციელება შეჩერდება და გადავადდება ფორს-მაჟორის ხანგრძლივობის შესაბამისად. აღნიშნული ვადების დინება ან/და ვალდებულებების შესრულების პირობა განახლდება ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის აღმოფხვრისთანავე.

  1. დასკვნითი დებულებები

12.1.     წინამდებარე წესდება „საზოგადოების“ წევრთა შეთანხმების საფუძველზე ძალაში შედის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით რეგისტრაციის მომენტიდან

12.2.     თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

12.3      ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

საზოგადოების პრეზიდენტი                                                  /არჩილ ჩუხრუკიძე/

თუ ხართ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, გთხოვთ ხმა მისცეთ წესდების ახალ რედაქციას
*(წესდების სრული ვერსია იხ. ქვევით)

ხმის მისახემად გადადით მითითებულ ლინკზე

https://forms.gle/4eMVVqsZFjTqF8go8 
ხმის მისახემად გადადით მითითებულ ლინკზე

https://forms.gle/4eMVVqsZFjTqF8go8